ბაჩო კიკაბიძე სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმას, რომლითაც შპს "ტელეკომპანია მაესტროს", "მაესტროს" ლოგოს გამოყენება აეკრძალა.
როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაუწყებლობა არ შეწყდება და მოსახლეობა გაიგებს იმ ახალ ამბებს, რასაც 20 წელია იგებდა "მაესტროსგან".
"მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. შემიზღუდეს პირდაპირ ჩემი ქონება. ჩვენ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ გუშინ სხვანაირად მიიღო და დღეს სხვანაირად, აუცილებლად გავასაჩივრებთ. ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. მინდა გითხრათ, რომ მაუწყებლობა არ შეწყდება და მოსახლეობა გაიგებს იმ ახალ ამბებს, რასაც 20 წელია იგებდა "მაესტროსგან", - განაცხადა გუშინ ბაჩო კიკაბიძემ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გუშინ გამართულ სხდომაზე შპს "ტელეკომპანია მაესტროს" განცხადების საფუძველზე, კომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება განხორციელდა. როგორც კიკაბიძემ სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მას წარსადგენი დარჩა ბადე და მაუწყებლობის დამადასტურებელი რამდენიმე დოკუმენტი და როგორც კი ამ დოკუმენტაციას წარვადგენს, შპს "ტელეკომპანია მაესტროს" საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობას დაიწყებს.