გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კერიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ არის მიმართული.
ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსადმი აშშ-ს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ისე ევროპაში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რასაც საქართველო ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში იღებს.