ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ივნისის დასაწყისში თბილისში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ვაპირებ საქართველოს მონახულებას, სავარაუდოდ ივნისში. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა ქართველებს გარკვევით ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის," - აღნიშნა ჯონ კერიმ.
თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძე მიესალმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სურვილს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პატივი იქნება მისი მასპინძლობა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივი იქნება გიმასპინძლოთ საქართველოში, მით უფრო მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ. ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის" - განაცხადა სიტყვით გამოსვლის ბოლოს მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ვაშინგტონში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.