შიმშილობას მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შალვა საბაური გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა საბაურმა განათლების მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის თვითმმართველობის მოთხოვნა ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია, ხოლო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხარდამჭერებთან შეხვედრის შემეგ მიიღებს.
შალვა საბაურის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ გზებზე, რომლითაც უნდა მოხდეს უნივერსიტეტში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსწორება. მისი თქმით, თვითმმართველობა მზად არის მოახდინოს საკუთარი თავის შეზღუდვა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების სხვადასხვა სემინარებზე განაწილებასთან დაკავშირებით.
საბაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითმმართველობა მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოცხადდება ახალი არჩევნები, სადაც სტუდენტები დემოკრატიული გზით ახალი თვითმმართველობის არჩევას შეძლებენ.
შეხვედრა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამ დროისთვის განათლების მინისტრთან უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა და აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრი იმყოფება.