ჯარჯი წიკლაურის ჩვენებამ გაამყარა დაცვის პოზიცია, რომ ბრალდებულები უსაფუძვლოდ არიან დაკავებული

ჯარჯი წიკლაურის ჩვენებამ გაამყარა დაცვის პოზიცია, რომ ბრალდებულები უსაფუძვლოდ არიან დაკავებული

მოწმე ჯარჯი წიკლაურის ჩვენებამ გაამყარა დაცვის პოზიცია და დაადასტურა, რომ ბრალდებულები უსაფუძვლოდ არიან დაკავებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პროკურორ ჯარჯი წიკლაურს, რომელიც საქმეზე ზედამხედველი პროკურორი იყო, ევალებოდა გამოეკვლია არსებობდა თუ არა საქმეში ანგარებითი მიზანი და მოტივი, თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის.

"ჯარჯი წიკლაურის განცხადება ყოვლად დაუსაბუთებელი და არაკეთილსინდისიერი იყო. ვინც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა, ყველამ დაინახა, რომ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, ანგარებითი მიზნისა და მოტივის ვერც მტკიცებულება, ვერც წყარო წარმოადგინა და ვერც ბრალდებიდან მოიყვანა შესაბამისი მაგალითი. ყველამ დაინახა, რომ ზედამხედველმა პროკურორმა არც ის იცის, გააჩნდათ თუ არა ბრალდებულებს ანგარებითი მიზანი და რატომ არ აისახა ეს ბრალდებაში საერთოდ, არც ის, არსებობდა თუ არა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი, რაც გაფლანგვის მაკვალიფიცრებელი გარემოებაა და არც ის იცის, მათ მართლზომიერ გამგებლობაში ან მფლობელობაში იყო თუ არა ის თანხა, რომლის გაფლანგვასაც ბრალდებულებს ედავებიან. შესაბამისად, ამ მოწმის ჩვენებამ გაამყარა დაცვის პოზიცია და დაადასტურა, რომ ბრალდებულები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ არიან დაკავებულები", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარემ დღეს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ჯარჯი წიკლაური დაკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ წიკლაურმა განაცხადა, ადვოკატები უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან არ ჰყავთ მოწმეები.

"რა ჩვენება უნდა მივცე მე, რომელიც ბრალდებულების სასარგებლო იქნება?! არ გამოვრიცხავ, ბოლოს საკუთარ თავს დაკითხავენ და ამით დაამთავრებენ სასამართლო განხილვებს. მათი არც ერთი შეკითხვა არ ეხებოდა საქმის ფაქტობრივ მხარეს", - განაცხადა დაკითხვის შემდეგ ჯარჯი წიკლაურმა.