თსუ-ში განათლების მინისტრის მოადგილე გია შერვაშიძე მივიდა და პირველ კორპუსთან შეკრებილ ე.წ. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე დასწრება სთხოვა.
როგორც შერვაშიძემ განაცხადა, შეხვედრაში მონაწილეობენ განათლების მინისტრი, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები .
შერვაშიძემ აუდიტორია 115-ს შესთავაზა, რომ მათი წარმომადგენელი დაესწროს შეხვედრებს, თუმცა უარი მიიღო. აუდიტორია 115-ის წევრები ერთის მხრივ უარს აცხადებენ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, მეორეს მხრივ აყენებენ პირობას, რომ ისინი უნივერსიტეტის შენობაში შეუშვან. ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მზად არიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მინისტრის მოადგილემ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ სტუდენტებს პირობა მისცა, რომ მათ მოთხოვნას განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებს გააცნობდა და სამინისტროში დაბრუნდა.
ამ დროისთვის უნივერსიტეტის შენობაში არიან როგორც აუდიტორია 115-ის, ისე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელთ ცოტა ხნის წინ მხარდამჭერთა ახალი ნაკადი შეემატა, თუმცა როგორ და რომელი შესასვლელიდან მოახერხეს მათ შენობაში შესვლა უცნობია. თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციაზე მყოფ აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.