ვლადიმერ პაპავა: ახლა მთავარია პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს

ვლადიმერ პაპავა: ახლა მთავარია პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს

დარწმუნებული ვარ, მინისტრი გამონახავს გზას, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის დარღვევის განცდა არავის შეექმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განათლების მინისტრთან და სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ვლადიმერ პაპავას თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ძალიან საქმიანი და მან სიტუაციის გამოსწორებისთვის დავალება შესაბამის უწყებას მისცა. მისივე განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მისთვის საყვედურის შემცველი არ ყოფილა.

"თუ ვიმსახურებ საყვედურს, კი ბატონო, მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ამჟამად მთავარია მშვიდობიანად გადაწყდეს ის, რაც უნივერსიტეტში დაიწყო. დღეს ჩვენ ყველა ვნერვიულობთ. ხვალ დავმშვიდდებით და უკეთესად გავაანალიზებთ ყველაფერს. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან საქმიანი, რომ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გადავჭრათ", - განაცხადა ლადო პაპავამ.

განათლების სამინისტროში ჯერჯერობით არ გამოჩენილა სტუდენტების ის ჯგუფი, რომელიც ირაკლი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, სტუდენტების ეს ნაწილი შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდება.