თუ განჩინება გამოტანილი არ არის, სამართლებრივად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყველანაირი იურიდიული უფლება აქვს, იმსჯელოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა კახა სოფრომაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგშია, საბჭო იმსჯელებს კიდეც.
"არ ვიცი, არის თუ არა გამოტანილი განჩინება, თუ გამოტანილი არ არის, სამართლებრივად იუსტიციის საბჭოს ყველანაირი იურიდიული უფლება აქვს, იმსჯელოს თავმჯდომარის საკითხზე. თუ დღის წესრიგშია ეს საკითხი, ალბათ საბჭო იმსჯელებს კიდევაც", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს კანონის მიხედვით.
"იუსტიციის საბჭომ კანონის გარდა რა უნდა შეასრულოს? არასამთავრობოების მოთხოვნა, რომელ ნორმაში წერია, ხუთმა კაცმა მოიწონოს თუ არ მოიწონოს, ამაზე საბჭო ვერ იმსჯელებს," - განაცხადა სოფრომაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, აქვთ თუ არა საბჭოს წევრებს კითხვები მიქაუტაძესთან დაკავშირებით, როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, კითხვები აქვთ და პასუხებსაც მიიღებენ, რის შემდეგაც მოხდება მსჯელობა.
რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, რომელიც ეხება ოპოზიციური პარტიების დაჯარიმებას მიქაუტაძის მხრიდან, სოფრომაძე ამას ადასტურებს.
"მაქვს ეს ინფორმაცია, მიქაუტაძესაც ჰყავს დაჯარიმებული პოლიტიკური პარტიები. მოსამართლე ვერ ფასდება როგორც მენეჯერი და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - განაცხადა სოფრომაძემ.