უკრაინა უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ვერ გახდება. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე, ჟან-კლოდ იუნკერმა ჰააგაში განაცხადა.
როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, იუნკერმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ომის გამო, ახლა საუბარიც კი ზედმეტია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. იუნკერის შეფასებით, უკრაინის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლისა და იუსტიციის ორგანოების რეფორმირების საქმეში საკმარის ზომებს არ იღებს.
იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირი-უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. აღნიშნულ საკითხზე 6 აპრილს ნიდერლანდებში რეფერენდუმი ჩატარდება.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ შეთანხმების წინააღმდეგია.