პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა.
გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხის დეტალურად გარკვევა დაავალა.
"მინდა გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომლის თაობაზეც საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაჟღერდა და შემდგომ მე მოვიკითხე ეს საკითხი. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის წყლის ხელმძღვანელის საკითხი და იქ გარკვეული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების შედეგად ბათუმში ერთ-ერთი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა მოხდა. მინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვო, მაქსიმალურად დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დეტალურად გარკვევის შემდეგ დადასტურდება, მინდა ამ პიროვნებამ თანამდებობა სასწრაფოდ დატოვოს. აუტანელია და ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იმისთვის იყენებდნენ, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ. თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ სიმართლეში გავერკვეთ, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ყველა საჯარო მოხელეს, იყვნენ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების.
"შესაძლოა ეს იყოს უსაფუძვლო ბრალდება, მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც საჯარო სივრცეში ვიმყოფებით, უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არა საბაბი, რომ საჯარო მოხელეების მიმართ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს", - აღნიშნა პრემიერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბათუმის წყლის" დირექტორ ალექსანდრე მიქელაძეს ერთ-ერთმა რესტორანმა ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.