იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის. გიორგი მიქაუტაძე ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, რასაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგაც უხელმძღვანელებს.
საერთო სასამართლოების კანონის მიხედვით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ამავე სასამართლოს კოლეგიების ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთი უნდა დაინიშნოს.
საბჭო ასევე დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - გიორგი ებანოიძის და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში კი რეზო ნადარაიას.
მიქაუტაძისთვის და საქალაქო კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა წარდგენის დღესვე, 29 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა საბჭოს პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი წევრის, ვახტანგ მჭედლიშვილის თხოვნით კენჭისყრა დღეისთვის გადაიდო. მჭედლიშვილმა კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემების გასაცნობად დრო ითხოვა.
დღესვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი საბჭოსგან მოითხოვენ დროებით შეწყდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი, რადგან ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გამო საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.