პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ხიდაშელი არც შეხვედრის დაწყების წინ და არც დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.
პრემიერთან საუბრის შემდეგ მედიას მხოლოდ დავით უსუფაშვილი და ხათუნა სამნიძე შეხვდნენ. მთავარი ყურადღება მათ იმაზე გაამახვილეს, რომ "რესპუბლიკური პარტია" პარტია "ქართულ ოცნებასთან" სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადადის, რის თაობაზეც ორპარტიული შეთახმება შედგება.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა. კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას პრემიერ მინისტრი სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. მისი თქმით, დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეებს სადავო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.