ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს

ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს

Euronews.ge-ს ინფორმაციით, ევროკავშირი ხვალ შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, გეგმა შენგენის აღდგენას ნოემბრისთვის ითვალისწინებს.

"საგზაო რუკა", როგორც მას ევროკომისიიდან წყარომ უწოდა, ითვალისწინებს ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურის სასწრაფოდ შექმნასა და საბერძნეთის საზღვრების ჩაკეტვას. დოკუმენტის პროექტი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა სააგენტოსთვის, ითვალისწინებს საბერძნეთის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების დროში გაწერილ გეგმას, რათა საბერძნეთმა 12 მაისამდე მოახერხოს მისი საზღვრების დაცვა და ლტოლვილების განთავსება ევროკავშირის მიერ მისთვის გამოყოფილი 272 მილიონი ევროს მეშვეობით. თუ საბერძნეთი ამას ვერ შეძლებს, მაშინ შენგენის შიდა საზღვრების დროებითი დაწესების პერიოდი 2 წლამდე გაიზრდება, ნაცვლად ამჟამად არსებული 6 თვემდე პერიოდისა.

პროექტის მიხედვით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს დამატებით დაავალდებულებს შენგენის წესების დაცვას და ინდივიდუალური კვოტების დაწესებაზე თავის შეკავებას. ასევე გათვალისწინებულია, რომ საზღვრის დაცვის სამსახური სექტემბრისათვის სრულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ხოლო მაქსიმუმ ნოემბრიდან შეძლოს ფუნქციონირება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია წევრი ქვეყნების მიერ უკვე ავტონომიურად დაწესებული საზღვრების აღება ნოემბრისათვის, - წერს euronews.ge