დავით უსუფაშვილი:

დავით უსუფაშვილი: "რესპუბლიკური პარტია" კოალიციაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში

"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაში თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი მონაწილეობდნენ.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა. კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას პრემიერ მინისტრი სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. მისი თქმით, დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეებს სადავო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.