თამაზ მეჭიაური - კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან

თამაზ მეჭიაური - კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საკითხების შემდეგ, პოლიტიკისთვის მოიცალა. 

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის პრემიერის განცხადებას დადებითად აფასებს. 

"ახლა მისი განცხადება უფრო დაბალანსებული იყო და ის გამოდიოდა არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან. მგონი, ეს განცხადება ყველას მისამართით იყო ნათქვამი, ვინც ცდილობს კოალიცია საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის გამოიყენოს და არა თავისი პარტია ქვეყნის ინტერესებისთვის. ყველა პარტია ცდილობს, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ გააჩნია, ამას ვინ როგორ ახერხებს. ეს ყველაფერი ცუდად უჯდება ქვეყანას. ყველა პარტია ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს", - აღნიშნავს მეჭიაური. 

დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ვერ აკონკრეტებს მოუწევს თუ არა პოსტის დატოვება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს. 

"ამას ვერ გეტყვით, ეს პრემიერის პრეროგატივაა და მან უნდა გადაწყვიტოს. უკეთესს შემთხვევაში კოალიცია გასუფთავდება. ჩემი აზრით, ერთი მხრივ, კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან, მეორე მხრივ, მონებისგან. ის უნდა იყოს თანაბარი როგორც პიროვნებების კუთხით, ასევე პოლიტიკური ჯგუფებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი - რიგითი სადღაც თავს უფლებას აძლევს, რომ კოალიციის დამაარსებელით ერთი მხრივ ისარგებლოს და ის რაც მისგან აქვს, მიიღოს და მეორე მხრივ, ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში საჯაროდ გაატაროს. ამაზე კი, მისი არც ერთი თანაპარტიელი საწინააღმდეგო განცხადებას არ აკეთებს. ამასთანავე, ერთი სიტყვის შეშლისთვის სხვას - კოალიციის სხვა წევრს ლამის ცოცხლად მარხავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომები სანამ იქნება, კოალიციას ობიექტურობის საფუძველი არ ექნება. ამ შეფასებას კონკრეტული ადრესატი რომ არ ჰყავდეს, არ ვიტყოდი", - აღნიშნა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.