ჩემი აზრით, კენჭები ნასროლია როგორც ერთი, ისე მეორე პარტიის ბაღში, არ გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადების შემდეგ, ვინმეს ბაღში ყვავილების თაიგულიც აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ექპერტმა სოსო ცისკარიშვილმა "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
ექსპერტის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო პრემიერ-მინისტრისგან მუქარის ტონი.
"ჩემი აზრით, კენჭები ნასროლია როგორც ერთი, ისე მეორე პარტიის ბაღში, არ გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადების შემდეგ, ვინმეს ბაღში ყვავილების თაიგულიც აღმოჩნდეს. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონოდათ დაპირისპირებულ მხარეებს თუნდაც ერთი თვით ადრე, ქვეყანაში ამ თემაზე ზედმეტი შფოთი არ ყოფილიყო მედიასივრცის ჩართულობით. ვფიქრობ, პრემიერი მხარეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებში შეძლებდა უფრო მალე მიეღწია იმ შედეგისთვის, რომლის სურვილიც მას გააჩნია", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რაც უფრო მალე დასრულდება ამ გაუგებრობაში ჩართულ ადამიანთა კამათი, მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ განაგრძონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება.
"მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის სრულიად მკაფიო ჩამოყალიბებულ აზრს როგორც მთავრობის წევრთა მიმართ, ასევე იმ მეოცნებათა მისამართით, რომლებსაც პერსპექტივაში ჯერ კიდევ ელანდებათ სტალინიზმის და პუტინიზმის დიდებითი სარგებლობა", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.