პრემიერმა ყველას მოუწოდა საკუთარი პასუხისმგებლობების კარგად გააზრებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადების შეფასებისას განუცხადა.
მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება კოალიციაში არსებული დაპირისპირების ამოწურვისკენ არის.
"პრემიერის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ დაპირისპირება კი არ გაღრმავდეს, არამედ წერტილი დაესვას და კოალიცია, მისი წევრები, როგორც მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები ორიენტირებული იყვნენ საქმეების კეთებაზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშეა. ასევე მიმართულია იმისკენ, რომ ყოველგვარი პირადული დაპირისპირება იყოს აღმოხვფრილი და თუ რაიმე კითხვები დაისმება, ეს იყოს შიგნით განხილული. და არა ასე საჯაროდ", -განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.