ხათუნა სამნიძე – პრემიერის განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია

ხათუნა სამნიძე – პრემიერის განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია. 
როგორც სამნიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სწორედ ამიტომ ჩაინიშნა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც პარტიის უფლებამოსილი პირები დაესწრებიან.
"შეხვედრა შედგება დღესვე და ამისთვის ბათუმიდან თბილისში მივდივარ. შეხვედრას დაესწრებიან პარტიის უფლებამოსილი პირები. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ შეიქმნა გაურკვევლობა. ამ გაურკვევლობაში სიცხადის შესატანად "რესპუბლიკელების" წინადადებით პრემიერი გვხვდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ შეკითხვებზე, რომელიც დაგროვდა", - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ. 
მისივე განმარტებით, პარტიის წევრები კომენტარებს არ გააკეთებენ იქამდე, სანამ პრემიერთან შეხვედრა არ დასრულდება. 

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.