პრემიერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს

პრემიერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებს.

როგორც ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა განუცხადა, ის პრემიერის განცხადებას სრულად იზიარებს ყველა ნაწილში. "რასაკვირველია, პრემიერმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განაცხადა, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედებს და ცხადია, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს. როცა პრემიერი საჭიროდ ჩათვლის, გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს და ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს. პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელსაც ვითარება უკარნახებს და ეს გადაწყვეტილები იქნება მთავრობის ერთიანი კურსის განხორციელებისთვის საჭირო", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

დეპუტატი ასევე პრემიერის განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრობს.

"ევროპასთან ინტეგრაციის კურსი არ ნიშნავს ეროვნული ღირებულებებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ჩვენს კულტურასა და ტრადიციებზე დაყრდნობით ქვეყნის მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ და არა უაპელაციოდ რაღაცეების გადმოღება, რაც არც ჩვენი ამოცანაა, არც ევროპაა და არც ევროპული ღირებულებები. საზოგადოების ერთ ნაწილში წარმოდგენაა, რომ ევროპისკენ ინტეგრაცია ეროვნული ღირებულებების განვითარებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს პირიქითაა", - აცხადებს ჟორჟოლიანი ჟურნალისტებთან საუბრისას.