ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს

ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს

ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრის გიორგი გვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებას.

როგორც ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარები ქვეყანას ვერ გააერთიანებენ.

"ფაქტია რომ, კოალიციაში შემავალი პარტიების ძირითადი საზრუნავი არა საქართველოს მოსახლეობის რეალური პრობლემები და მათი მოგვარების გზების ძიება, არამედ შიდაკოლალიციური გავლენებისთვის ბრძოლაა. კოალიცია "ქართული ოცნება" მოწყდა ხალხს და რეალობას, ხელიდან გაექცა ყველა პროცესი, მათ შორის, კოალიციაში მიმდინარე პროცესებიც. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივ და ვერც სოციალურ უსაფრთხოებას", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის არჩევნებზე კოალიცია "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან გაისტუმრებენ.

"ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ მინისტრს ჩაანაცვლებენ, თუ რომელ პარტიას დაატოვებინებენ კოალიციას. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები ვართ, ჩვენ "თავისუფალ დემოკრატებს " ქვეყნის განვითარების საქმეში გვინდა სხვა ძალებშიც დავინახოთ თანამოაზრეები", - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას თავდაცვის მინისტრის შესახებ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის მხოლოდ ერთ ფრაზას იზიარებს, რომ ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს, პოლიტიკური რხევები ჯარს არ უნდა ეხებოდეს.

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.