პრემიერის განცხადება ცალსახად მიუთითებს იმ ღრმა კრიზისზე, რომელიც

პრემიერის განცხადება ცალსახად მიუთითებს იმ ღრმა კრიზისზე, რომელიც "ქართულ ოცნებაშია"

პრემიერ-მინისტრის განცხადება ცალსახად მიუთითებს იმ ღრმა კრიზისზე, რომელიც არის "ქართულ ოცნებაში", როგორც მთავრობის, ისე კოალიციის ფარგლებში, - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი განცხადება, როდესაც საზოგადოება აშკარად ხედავს იმ ნიშნებს, რომ კოალიცია იმ ფორმით და შინაარსით, რაც იყო 2012 წელს, დიდი ალბათობით 2016 წელს "ვეღარ შედგება".

"როგორც ჩანს, ივანიშვილს ეს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს "რესპუბლიკებსა" და გოგი თოფაძეს შორის, უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ის საკმაოდ დაბალი რეიტინგი, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, სხვა ფორმით და სხვა მოთამაშეებით დააბალანსოს. ცხადია, რომ მთავრობაშიც არის პრობლემა. არ არის ქვეყნის მმართველობის ეფექტური მექანიზმები, არის მეტი პოლიტიკური ამბიციები, ვიდრე საქმე და რეალურად ეს არის გარკვეული შიდა ბრძოლა, რომელიც რაც არ უნდა მალოს "ქართულმა ოცნებამ", მაინც ამოვა ზედაპირზე. გარდა სანახაობისა, პოლიტიკური კინკლაობისა "ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილმა ეს განცხადება რაღაც პაუზის შემდეგ სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ასახავს იმ განწყობებს, რომელიც არის ივანიშვილთან და იმ ჯგუფში, რომელიც ესაუბრება ივნიშვილს, როგორც კოალიციაზე, ისე მთავრობასა და მომავალ არჩევნებზე", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.