ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ადიგენის პრობლემა გაცილებით მალე მოგვარდებოდა, მასში ადგილობრივი ხელისუფლება და რელიგიის სააგენტო თავის დროზე რომ ჩარეულიყვნენ.
როგორც მამუკა არეშიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასაფლაო სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა უნდა იყოს.
"ეს საკითხი სოფელში დიდი ხნის განმავლობაში იყო სადავო. მე ვთვლი, რომ ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ შესაბამისი სტრუქტურები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე რელიგიის სააგენტო, ბევრად უფრო მალე მოგვარდებოდა ეს თემა. რასაკვირველია, როდესაც პრობლემა გაჩნდა მერე ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მოინდომა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამის დამადასტურებელია ის, რომ უამრავმა ანგაჟიებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიყარა იქ თავი და უამრავ უცხოურ მედიაში გაშუქდა, თან ისეთი ქვეყნების მედიაში, სადაც ინტერესი აქვთ ამ პრობლემის არსებობის", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირებას თუ აქვს საყოფაცხოვრებო მიზეზი, აუცილებლად მავანი ცდილობს, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს.
"ისინი ადრე თავიანთ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ ან გვერდზე სოფელში, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს, ან მიჰყავდათ აჭარაში. ეს პრობლემა წლობით გრძელდება წინა ხელისუფლებების პერიოდშიც. პრობლემები არის უნდა აშენდეს თუ არა სალოცავი სახლები, სადაც არის უმრავლესობა ერთ-ერთი რელიგიისა და ცდილობს იყოს დომინანტური. ეს პრობლემა არის ყველგან, სადაც ცხოვრობენ ორივე რელიგიის წარმომადგენლები", - განაცხადა არეშიძემ.