კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, ამიტომ სერიოზული გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის

კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, ეს ერთი კაცის ირგვლივ შეკრებილი გუნდია, ამიტომ სერიოზული გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის, - ასე შეაფასა გიორხელიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელი შესაძლო განახლებების შესახებ.

"მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ კოალიციები იქმნება არჩევნების შედეგების შემდეგ, თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ დააგროვებს უმრავლესობას, რომელიც მთავრობის ფორმირების საშუალებას მისცემს მას. მაშინ უმრავლესი ხმების მიმღებ პარტიას, მის მეთაურს დაევალება გადაწყვეტილების მიღება, ანუ კოალიციის შექმნა", - განაცხადა გიორხელიძემ.

ექსპერტი კოალიციაში შემავალ სუბიექტებს "მატარებელში შემთხვევით მოხვედრილ საზოგადოებას" ადარებს და მიიჩნევს, რომ დღესდღეობით, სხვადასხვა თანამდებობებზე და უწყებებში გადანაწილებულმა ადამიანებმა იციან, რომ იქ შემთხვევით მოხვდნენ და ამიტომ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას ასწრებენ.

"ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ არის შემოკრებილი გუნდი, ხოლო ჩვენი ხალხის მიამიტობა იწვევს ამ ცუდ სიტუაციას, როცა ჩვენ ვენდობით ერთ კაცს, გვყავს ერთი ბელადი, ერთი მარჩენალი, ის არის ყველაფერი და არავინ აკვირდება ამ ადამიანის უკან სიაში რა ხალხი ზის. "ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს რაც გააკეთა ამ უაზრო კოალიციის აკრებით, ერთი უბედურებაა, ახლა თუ კოალიციობანას თამაში გაგრძელდა, მეორე უბედურება იქნება. 2016 წელს სერიოზული ცვლილებების არანაირი პერესპექტივა არ ჩანს. მეტნაკლებად ყველაფერი უცვლელად დარჩება და ეს პოლიტიკური ლიდერების შეცდომაა", - აღნიშნა გიორხელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2016 წელს კოალიციაში შემავალი პარტიები უნდა გავიდნენ ცალ-ცალკე, ნახონ თავიანთი შესაძლებლობები და მერე შეიქმნას კოალიცია.

"არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხსნელებზე, რადგან მათი პოლიტიკური დასასრული კარგად ვიცით", - აღნიშნა გიორხელიძემ.

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.