ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა, როგორც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, ასევე დეპუტატ გოგი თოფაძეს მიუთითა, რა არის მისთვის მიუღებელი ამ დაპირისპირების პროცესში.
როგორც რამაზ საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, განცხადება, რომ დაძაბული პროცესი მიუღებელია გახდეს საჯარო მსჯელობის საგანი გიორგი კვირიკაშვილმა ადრეც გააკეთა, თუმცა ახლა პრემიერმა მხარეებს მიუთითა იმის შესახებ, თუ რა არის თითოეულის პოზიციაში მისთვის მიუღებელი, როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის და მთავრობის პირველი პირისთვის.
"საკმაოდ მკაცრი ინტონაცია მოსდევს ამ განცხადებას. ასეთი აქტიური და საქმიანი ჩარევა ამ პროცესში, მე მეჩვენება, რომ პოზიტიური ფაქტია. პოლიტიკოსები ხშირად თვალს არიდებენ და ცდილობენ დრომ მოაგვაროს ასეთი პრობლემები და არა თვითონ. აქ კვირიკაშვილმა თავის თავზე აიღო ამ პრობლემების მოგვარება. გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ გაბედული ნაბიჯი იყო ჩარევა ამ კონფლიქტში და მისთვის წერტილის დასმა უკვე უფრო პრინციპულად, ვიდრე აქამდე ხდებოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება პრემიერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ცვლილებებზე, საყვარელიძის განცხადებით, მინისტრი თუ არ იქცევა ისე, როგორც მინისტრის სტატუსს შეესაბამება, ან მეორე მხარე, პოლიტიკოსი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც პოლიტიკური გუნდის პოზიციებს არ ემთხვევა, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
"ასეთი პოზიცია დაიკავა კვირიკაშვილმა და ეს პოზიცია ითხოვს დაფიქრებას როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდან", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.