ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კვირიკაშვილი უფრო ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ საქმე არც მაშინ კეთდებოდა და არც ახლა

ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კვირიკაშვილი უფრო ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ საქმე არც მაშინ კეთდებოდა და არც ახლა

ღარიბაშვილისგან განსხვავებით, გიორგი კვირიკაშვილი უფრო ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ საქმე არც მაშინ კეთდებოდა და არც ახლა მიდის წინ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებას.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველაზე სამწუხარო და ნიშანდობლივია ის, რომ დაახლოებით, ორკვირიანი პინგ-პონგი და ერთმანეთზე საუბარი მიმდინარეობდა, რითაც გამოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ აინტერესებს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაშია - გაჭირვება, უმუშევრობა, უფულობა, ლარის გაუფასურება.

"ამ კოალიციაში მთავარ თემებად გახდა ეს დაპირისპირება, რომელშიც ყველა მეთოდს იყენებენ - დაწყებული იმით, ვინ რა დააშავა არჩევნებზე და დამთავრებული, ვის რა მსოფლმხედველობა აქვს და ვის მოსწონს სტალინი. ეს ხალხი იმაზე კი არ ლაპარაკობს, როგორ გამოჯანმრთელდეს ქვეყანაში სიტუაცია, "ქართული ოცნების" მთელი ენერგია მიმართულია იმაზე, რომ დააშოშმინონ ერთ მხარეს "მრწეველები" და თოფაძე და მეორე მხარეს, "რესპუბლიკელები" და ხიდაშელი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის პრობლემები ამ კოალიციაში საერთოდ არავის აწუხებს.

კვირიკაშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში საქმე კარგად წავიდეს, ეკონომიკა გაჯანსაღდეს, თორემ მხოლოდ საუბარი, რომ ააგუგუნებენ ქვეყნას, რომ რამეს შველოდეს, ბევრი მაგაზე მაგარი მოლაპარაკე ვიცი, ვინც ახლა საქართველოშია დარჩენილი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, 2016 წელი, ის მეოთხე წელია, რომელიც "ქართული ოცნების" დაპირებით საუკეთესო უნდა ყოფილიყო, თუმცა მიმდინარე წელი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე უარესი ეკონომიკური წელია.

"ამიტომ გამოჩნდა ტყიბულში, რუსთავში გაფიცვები, გაჩერებული მინის ტარის ქარხანა, სადაც არ უნდა გაიხედოთ პრობლემებია, კრიმინალის მომძლავრება და ა.შ.", - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური სატელიტ პარტიებს გულისხმობს.

"ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყოს ის, რომ მიუხედავად კვირიკაშვილის დაპირებისა, შევხვდებოდით და "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკრიზისულ გემას განვიხილავდით, იმის გამო, რომ ვიწროპარტიული ინტერესები ვერ დაძლია, უკვე ორი თვე გავიდა და ვერ მოიძებნა დრო, რომ შეგვხვედროდა. ასევე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიაციასთან ლაპარაკს ვერ გასცდა. ეს ყველაფერი ლამაზი საუბარია, რომელიც კარგია ცოტა ხანი საქართველოში და უცხოეთშიც. ღარიბაშვილი ძალიან აგრესიულად ლაპარაკობდა და ამით ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ქვეყანას. გიორგი კვირიკაშვილი ლაპარაკობს უფრო ლამაზად, მაგრამ საქმე არც მაშინ კეთდებოდა და არც ახლა მიდის წინ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა კოალიცია "ქართული ოცნება" ერთიანობის შენარჩუნებას, მიხეილ მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ეს გამორიცხულია.

"ქართველმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ეს კოალიცია ამ ფორმით არ იქნება, ისინი მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაჩერდნენ, რომ თავისი ადგილები სიაში არ დაკარგონ. თორემ ეს ხალხი იმისკენ არ არის მიმართული, რომ ქვეყანაში რამე დადებითისკენ შეცვალონ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.