გია ვოლსკი:   პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს

გია ვოლსკი: პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს

პრემიერ-მინისტრის განცხადება რეალურად მითითებაა ყველა ჩვენთაგანისადმი და მხოლოდ თინა ხიდაშელს არ ეხება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა.

ამასთან, ვოლსკის აზრით, "თავდაცვის მინისტრმა არ უნდა ისაუბროს, ვინ უნდა იყოს და ვინ – არა კოალიციაში თუ პარლამენტში".

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკურ თემებს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთლიანად თავდაცვის სისტემა უნდა მოარიდოს.

"ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი ჩემს ხედვასთან სრულ თანხვედრაშია. თუკი ეს ხელს უშლის სისტემის განვითარებას, მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილებებიც, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ დაგვავიწყდეს პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ კოალიციისთვის მიუღებელია ძველი, არქაული საბჭოთა სისტემიდან წამოსული რაღაც სტალინისტური მოსაზრებები. სახელმწიფოს იდეოლოგიური მიმართულებები ლაგდება არა მხოლოდ შიდა განწყობით, რაც კოალიციის წევრებს გააჩნიათ, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ძირითადად მიმართულებებში დაპირისპირება და კითხვების გაჩენა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის ცუდი ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარ განცხადებაში საკმაოდ სხარტად და სრულფასოვნად ჩამოაყალიბა ის შეხედულება, რომელიც კოალიციას გააჩნია და ის პოზიცია, რომლითაც კოალიცია ქვეყნის სათავეში მოვიდა.

"ვხედავ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მართლაც, როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ვიწროპარტიულმა, თუ კერძო, პირადმა ხედვებმა უპირატესობა მოიპოვა იმ სტანდარტულ პოზიციასთან, რითაც კოალიცია "ქართული ოცნება" ხალხისთვის იყო მისაღები – თავისი სტაბილურობით, მრავალფეროვნებით და ამავე დროს, ერთი მთავარი ხაზის მწყობრი რეალიზაციით. უამრავი პრობლემის მიუხედავად, ეს მთავარი მიმართულება ხორციელდებოდა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. ყველა სირთულე იქნება გადალახული, თუკი ერთობა იქნება. პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს, რომელმაც ბოლო პერიოდში მედიასივრცე დაიპყრო – გარკვეულმა, აბსოლუტურად მიუღებელმა კამათებმა გინდაც ერთ-ერთი ფრაქციის, თუ პარტიის ლიდერის მხრიდან და გინდაც მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მინისტრის მხრიდან. ვფიქრობ, ამ პირადულს ხაზი უნდა გადავუსვათ და დავუბრუნდეთ იმ მწყობრ სტრატეგიას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ყოველთვის გააჩნდა", - ამბობს ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, "ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რას ემსახურება პირველ რიგში - არა პირად და პარტიულ ინტერესს, არამედ კოალიციურ ხედვას იმ სტატეგიასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას გააჩნია".

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.