ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს სწორი შენიშვნა მისცა.
როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადების შეფასებისას განაცხადა, პრემიერის კრიტიკის ობიექტი ამჯერად თავდაცვის მინისტრი იყო, რადგან დეპუტატი გოგი თოფაძე თავის დროზე გააკრიტიკა.
"გოგი თოფაძე თავის დროზე გააკრიტიკა და გამეორება აღარ იყო საჭირო. რაც შეეხება თინა ხიდაშელის კრიტიკას, ეს დღეები სულ იმაზე ვსაუბრობდი, რომ გადაჭარბებულია "რესპუბლიკური პარტიის" ამბიცია, როდესაც ისინი თავის თავს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის გარანტად წარმოაჩენენ და აბსოლუტურ პოლიტიზირებას ახდენენ შეიძლება ძალიან მარტივი, ბანალური კონფლიქტის და რაღაც შანტაჟის ენაზე საუბრობენ. ეს არის გამეორება იმისა, რასაც თავის დროზე აკეთებდა სააკაშვილი, როდესაც თავის თავს უკავშირებდა დასავლეთს და ამით საქართველოს დასავლურ არჩევანს ზიანს აყენებდა. მერე "თავისუფალმა დემოკრატებმა" ეპიზოდურად იგივე გაიმეორეს, როდესაც თავისი ბედი და დასავლეთი ერთმანეთთან დააკავშირეს. დღეს თინა ხიდაშელი ფაქტობრივად ამ სქემაში ჩაჯდა, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი, როგორც დეპოლიტიზებული მიმართულების ხელმძღვანელი, ასე ღრმად პოლიტიკაში არ უნდა შედიოდეს. აქედან გამომდინარე, ექსპერტი ფიქრობს, რომ პრემიერმა აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა და მას სწორი შენიშვნა მისცა.
"თოფაძის არაკორექტულობა და მისი საქციელი ეს არის ლოკალური პრობლემა, მაგრამ თინა ხიდაშელმა და "რესპუბლიკურმა პარტიამ" ეს აქცია ნაციონალურ და შეიძლება ითქვას საერთაშორისო პრობლემად, რითაც ზიანი ადგება არა მხოლოდ კოალიცია "ქართულ ოცნებას", არამედ ქართულ სახელმწიფოს და პრემიერმა ამას გაუსვა ხაზი", -განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ დეპოლიტიზებული უწყების ხელმძღვანელი გააგრძელებს ასეთ ჰიპერაქტიურობას პოლიტიკური მიმართულებით, პრემიერს არათუ უფლება ექნება გადააყენოს თავდაცვის მინისტრი, არამედ ვალდებულიც იქნება, რომ სამხედრო მიმართულებას შესაძლო პოლიტიკური რისკები თავიდან ააცილოს.
პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.