პრემიერის განცხადება დროული და ზუსტი გზავნილების შემცველია

პრემიერის განცხადება დროული და ზუსტი გზავნილების შემცველია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას "დროულს" უწოდებს.

როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრემიერის განცხადება ზუსტი გზავნილების შემცველია.

"პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან დროული, ის ზუსტი გზავნილების შემცველია. მე სრულიად ვეთანხმები ამ განცხადების თვითოეულ შემადგენელს. მიმაჩნია, რომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია უსწრაფესად იყოს ყურადმიღებული პრემიერის ეს მოწოდება და დასრულდეს ნებისმიერი საჯარო დებატი ამ საკითხზე, მოხდეს კოალიციის შიგნით ყველა განსახვავებული პოზიციის შეჯერება. ბუნებრივია, საკითხების გადაწყვეტა ასეთ ფორმატში ვნებს საერთო ინტერესებს. სრულიად დაუშვებელია, როცა ეს ხდება ისეთ უწყებაში, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების კუთხით არის უმნიშვნელოვანესი და ეს ფონი ზოგადად დამაზიანებელი შეიძლება იყოს საერთო ინტერესებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად დასრულდეს ეს გარე დისკუსიები, დებატები ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის", - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის მოწოდება და ძალიან მკაფიო გზავნილი იქნება საჯარო განხილვების ბოლო წერტილი და ყველა განსხვავებილი მოსაზრება თუ პოზიცია იქნება შეჯერებული კოალიციის შიგნით.

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.