სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც რომელიმე ადამიანის ღვაწლის დავიწყებას არ გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს.
როგორც პრემიერი განმარტავს, განახლების პროცესი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას.
"საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. "ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას", - აცხადებს პრემიერი.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება.