გიორგი რუხაძე - თუ ხელისუფლება არ გააქტიურდა, უვიზო მიმოსვლას ზაფხულში კი არა, შემოდგომაზეც ვერ მივიღებთ

გიორგი რუხაძე - თუ ხელისუფლება არ გააქტიურდა, უვიზო მიმოსვლას ზაფხულში კი არა, შემოდგომაზეც ვერ მივიღებთ

"პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის" საგარეო ურიერთობათა ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების პასიურობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დროულად მიღების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. 

როგორც გიორგი რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპარალამენტის მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის მიხედვით საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილება. ასევე ევროკავშირის საბჭო არ განიხილავს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს, რომელიც 17-18 მარტს შეიკრიბება. გიორგი რუხაძემ პრესკონფერენციაზე შესაბამისი დოკუმენტიც წარადგინა. 

"გუშინ ჩამოვედი ბრიუსელიდან, სადაც ევროპარლამენტში შევხდი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პასიური, მისი ზოგიერთი წარმომადგენელი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ქმნის არარეალისტურ მოლოდინს და თუ სერიოზულად არ გააქტიურდა ხელისუფლება, უვიზო მიმოსვლას ევროზონასთან ზაფხულში კი არა, შემოდგომაზეც ვერ მივიღებთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი. სტრასბურგის სესიაზე, რომელიც 7-10 მარტს გაიმართება, საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილება, ასევე არ განიხილავს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროკავშირის საბჭო, რომელიც 17-18 მარტს შეიკრიბება", - განაცხადა გიორგი რუხაძემ. 

იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააქტიუროს ლობისტური ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირებები ზაფხულში ევროზონასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მხოლოდ დაპირებად დარჩება. 

"თუ ხელისუფლებამ ლობისტური ნაბიჯები არ გააქტიურა, ევროპარლამენტში ფრაქციების ლიდერების დონეზე არ მოითხოვა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სესიაზე დაყენება, რომელიც 11-14 აპრილს გაიმართება, ასევე ევროკავშირის საბჭოს 23-24 ივნისის სხდომაზე მისი განხილვა, ხელისუფლების დაპირება უბრალო დაპირებად დარჩება. გარდა ლობისტების გააქტიურებისა, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ მოვლენები საქართველოს შიგნით ისე უნდა წარმართოს, რომ დამატებითი კითხვები და ეჭვები ევროპარლამენტის წევრებს არ გაუჩნდეთ, ქვეყანაში სამართლიანობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმის და ზოგადად სამართლიან საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში", - განაცხადა რუხაძემ.