თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციასა და ქურთ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. "დოიჩე ველეს" ცნობით, პოლიციამ აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელებული ცნობით, 33 ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტები, ძირითადად, ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში, თურქეთის მთავრობის მიერ კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებდნენ. ოფიციალურმა ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღო, ვინაიდან გავრცელებული ცნობებით, ბოლო პერიოდში ქურთი მებრძოლები ხშირად ახორციელებენ თავდასხმას ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებზე, რის გამოც პოლიცია და სამხედროები "ქურთების მუშათა პარტიის" წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებენ.
თუმცა, როგორც ოპოზიციური "სახალხო დემოკრატიული პარტიის" ლიდერი სელაჰათთინ დემირტაში აცხადებს, იგი ყოველთვის შეეწინააღმდეგება მოქალაქეების დაკავებას და დახოცვას, რასაც, მისი თქმით, მთავრობა ტერორიზმთან ბრძოლას უწოდებს.