ზვიად კვაჭანტირაძე მის დანაპირებზე:  ევროპაში ჯერ შუადღეა

ზვიად კვაჭანტირაძე მის დანაპირებზე: ევროპაში ჯერ შუადღეა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ინსტრუმუნტის გამოქვეყნებას დღეისთვის ელის.

როგორც ამასთან დაკავშირებით მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას კვაჭანტირაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ევროპაში ჯერ შუადღეა".

"მომაწოდეს, როგორც დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ხვალიდან ეს უკვე მოსალოდნელია. მე ოპტიმისტურად ვთვლი, რომ ეს შეიძლება დღესაც გამოქვეყნდეს. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ზვიად კვაჭანტირაძემ გუშინ დააანონსა, რომ "ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად, სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის" დღეს გამოაქვეყნებდა.

"მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!!!

ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.

გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.

დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!", - დაწერა გუშინ კვაჭანტირაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.