"რუსთავის აზოტმა" მუშაობა შეაჩერა

შპს "რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის, ლევან ბურდილაძის განცხადებით, თუ საწარმოს ბუნებრივი აირის ფასი არ შეუმცირდება, ის ფუნქციონირებას შეწყვეტს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბურდილაძემ განუცხადა, საწარმო უკვე ერთი თვეა გაჩერებულია, თუმცა თუ ფასი არ შემცირდება, ის ვეღარ გაეშვება და თანამშრომლების დათხოვნა გახდება საჭირო. ბურდილაძის ინფორმაციით, უკვე 6 თვეა კომპანია "სოკართან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საწარმომ ბუნებრივი აირის ღირებულების ცვლილებასთან დაკავშირებით დაპირებაც მიიღო, თუმცა უშედეგოდ. 

"თუ ჩვენ არ აღგვიდგება გაზის მოწოდება, მხოლოდ განახლებული კონკურენტუნარიანი ფასით, მაშინ წარმოება ვეღარ გააგრძელებს მუშაობას, უბრალოდ საწარმო ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება 6 თვეზე მეტია "სოკართან". ჩვენ ვცდილობდით გაგვეთვალისწინებინა მსოფლიო ტენდენცია, რაც დღეს არსებობს გაზთან მიმართებაში. ნავთობის და გაზის ფასების უპრეცენდენტო ვარდნაა და გვინდოდა ეს ტენდენცია შეგვხებოდა, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირველ თებერვალს ჩვენ შეგვიწყდა გაზის მიწოდება, ამის შემდეგ მოლაპარაკებები განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა, შევხვდით ენერგეტიკის სამინისტროს, "სოკარს", მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, თუმცა უშედეგოდ. თუ ჩვენ არ მივიღებთ რეალურ ფასს, რომელიც დღეს საბაზრო რეალობას შეესაბამება, ჩვენი წარმოება მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს და ერთ დღეს თანამშრომლების სახლებში გაშვება მოგვიწევს", - აღნიშნა ბურდილაძემ. 

კითხვაზე, ხომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ სხვა კომპანიებიც მოითხოვენ ფასების შემცირებას და ამ შემთხვევაში რამდენად რეალურია "რუსთავის აზოტის" მოთხოვნა, ბურდილაძემ განმარტა, რომ აღნიშნული კომპანია საქართველოში ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. 

"ჩვენ ვართ უმსხვილესი მომხმარებელი ბუნებრივი აირის, წელიწადში 300 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოვიხმართ, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია საქართველოში. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო ბანკის კვლევები, ყველაფერი აჩვენებს, რომ ევროპაში გაზის ფასი შემცირებულია 42 %-ით და ჩვენ ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვართ და ეს ტენდენცია ჩვენც უნდა შეგვეხოს. დღეს არსებული ფასით მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს, შეუძლებელია", - აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.