არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მამუკა ახვლედიანის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიციის წევრი ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განუცხადა.
ვერძეული არ გამორიცხავს, რომ კოალიციამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
"დღეს მივმართავთ სასამართლოს. ამ დავაში მამუკა ახვლედიანის ინტერესებს წარმოადგენს არასამთავრობოთა კოალიცია. ჩვენი შეფასებები საზოგადოებისთვის ცნობილია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ახვლედიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, მთლიანად არის აცდენილი კანონის შინაარსს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დავის წარმატებით დასრულების შანსი და მოლოდინი არსებობს", - განაცხადა ვერძეულმა.
არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ საბჭომ შემჭიდროებულ ვადებში სასწრაფო წესით არ მოახდინოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა, ვინაიდან თუ ეს ასე მოხდა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი აღარ იარსებებს მისი აღსრულების შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივმართოთ ამ პროცესის შეჩერების და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თხოვნით. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელი გახდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მისი აღსრულება. რაც შეეხება თავად დავას, ამ ეტაპზე ჩვენ მამუკა ახვლედიანის ინტერესებს წარმოვადგენთ ადმინისტრაციულ დავაში, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში", - განმარტა სოფო ვერძეულმა.
მისივე თქმით, იმდენად ნათელია კანონის შინაარსი და ის საკითხი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა კომპეტენცია მიეღო ახვლედიანის გადაყენების გადაწყვეტილება, რომ ძალიან მაღალია შანსი, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს.
არასამთავრობოები სასამართლოს დღის განმავლობაში მიმართავენ.