საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის მიერ საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოსთვის მიმართვას უახლოეს პერიოდში ელოდება

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის მიერ საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოსთვის მიმართვას უახლოეს პერიოდში ელოდება

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს უახლოეს პერიოდში მიმართავს, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ "კურიერს" განუცხადა, თუმცა მინისტრს ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

მისივე განმარტებით, საქართველომ ყველა ვალდებულება უკვე შეასრულა.

"ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ კომისიის მხრიდან ევროსაბჭოსთვის ოფიციალური წარდგინება რეგულაციის ცვლილების შესახებ, მოხდებოდა უახლოეს კვირებში. შესაბამისად, ჩვენ ამას ველოდებით, რის შემდეგაც დაიწყება ცვლილების განხილვა. ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებაც მალე უნდა განხორციელდეს, რათა საქართველომ მიიღოს ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს თავისი გატარებული რეფორმებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ელჩმაც. ნატალია საბანაძის თქმითაც, ქართული მხარე უახლოეს დღეებში ელოდება, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ევროპარლამენტში შევა.

"განხილვა დასრულებულია და უახლოეს დღეებში ველოდებით, რომ წინადადება შევა როგორც ევროპულ საბჭოში, ასევე პარლამენტში. რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ უკრაინამ საქართველოსთან ერთად მიიღოს უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება. ეს როგორც ჩვენს ინტერესებშია, ისე მათ ინტერესებში, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ შეფასება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე - იქნება ორი წინადადება და გადაწყვეტილება ან დაემთხვევა, ან არ დაემთხვევა", - აღნიშნა ელჩმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოქვეყნებას დღეს ელოდება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

"მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!", - დაწერა კვაჭანტირაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ საღამოს.