საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, თავდაცვის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
დღესვე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
ამის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და უბრალო მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან ტაბახმელაში, იუნკერთა მემორიალთანაც. მემორიალს 12:00 საათზე თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გვირგვინით შეამკობს საქართველოს პრეზიდენტიც.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.