გიორგი კვირიკაშვილმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

გიორგი კვირიკაშვილმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ესტონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. როგორც პრემიერის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი კვირიკაშვილმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის ესტონეთს მადლობა გადაუხადა. პრემიერ–მინისტრის თქმით, საქართველოს ესტონეთთან აკავშირებს მეგობრობა, მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო ხედვა მომავალთან დაკავშირებით.

"საქართველოსა და ესტონეთს გამოწვევებით სავსე საერთო წარსული აკავშირებთ. ესტონელი ხალხის სიმტკიცე, რომელიც 1991 წელს გათავისუფლდა საბჭოთა კავშირისაგან და დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მისაბაძი მაგალითი იყო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოსთვის. დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ გვახსოვდეს, რას მივაღწიეთ დღემდე, რა მსხვერპლის ფასად და არც ჩვენ წინაშე მდგარი დღევანდელი თუ უკვე გადალახული გამოწვევები უნდა დაგვავიწყდეს. ამასთან, ესტონეთსა და საქართველოს აქვთ საერთო ხედვა ჩვენი ქვეყნების მომავალთან დაკავშირებით. ქართველებისთვის ესტონეთი არა მხოლოდ მეგობარი, არამედ მისაბაძი მაგალითია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, სექტორული და პარტნიორული პროექტები წარმოადგენენ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა საზეიმო მიღებაზე.

ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის ელჩმა პრიიტ ტურკმა. მან მადლობა გადაუხადა მიწვეულ სტუმრებს და საქართველოსა და ესტონეთის თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, ბიზნესმენები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.