თუკი ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი ბუტა რობაქიძის ოჯახთან, ზურაბ მიქაძე და მისი თანამზრახველები არიან

თუკი ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი ბუტა რობაქიძის ოჯახთან, ზურაბ მიქაძე და მისი თანამზრახველები არიან

თუკი ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, პირველ რიგში, აწ გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის ოჯახთან, ზურაბ მიქაძე და მისი თანამზრახველები არიან, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ მიქაძეს ეხმაურება.

კობახიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზურაბ მიქაძის მიმართ წაყენებული ბრალდება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება, ხოლო კონკრეტულად რა ეპიზოდში, რა დარღვევისა და რა გადაცდომისთვის, ეს პროკურატურის და სასამართლოს გასარკვევია.

"ბოდიში მოსახდელი აქვს მას და პოლიციის მთელ იმ შემადგენლობას, ვინც წლების განმავლობაში დაკავებული იყო უკანონო ე.წ. სპეცოპერაციებით, რასაც სამწუხაროდ, ხშირად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობა სდევდა თან. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ზურაბ მიქაძე ბრალდებულია ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან კავშირში ანუ მისი ბრალდება არ დადგებოდა და არ იქნებოდა, შემხებლობა რომ არ ჰქონდეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ზურაბ მიქაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მიქაძემ განუცხადა, იგი კობახიძემ "ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებულად" მოიხსენია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"გუშინ, ჩემმა ადვოკატმა კობა კობახიძემ მანანა და თედო კობახიძეების მისამართით განცხადება გააკეთა სატელევიზიო ეთერში. გამოვიდა მანანა კობახიძე და განაცხადა, რომ კობა კობახიძეს მე ვაქეზებ, რომ მის შესახებ ისაუბროს. მე მან მომიხსენია, როგორც ბუტა რობაქიძის მკვლელობაში ბრალდებული. ქალბატონ მანანა კობახიძეს პოლიტიკოსობა, მატყუარობა და ცრუპენტელობა ალბათ იდენტური ცნებები ჰგონია. მთელმა საქართველომ გაიგო და მის თავში არ შედის, რომ მე თანამდებობრივი დანაშაულისთვის ვარ ბრალდებული კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არანაირი შემხებლობა არ მაქვს რობაქიძის მკვლელობის საქმესთან. მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული იყო პატრულის თანამშრომელი, რომელმაც თავისი სასჯელი მაქსიმალურად მოიხადა", - განაცხადა ზურაბ მიქაძემ.

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძეს ბუტა რობაქიძის საქმეზე, რომლის არსებითი განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.