ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა

ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 05 აგვისტოს, სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა უკანონო ჩართულობით, ოფშორულ ზონაში, კერძოდ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „REDMAN FEDERATION INC“-ს, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, გადაეცა ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 90 605 კვ.მ.

გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები და ზემოხსენებული უძრავი ქონებები დაუბრუნდა სახელმწიფოს.

დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.