ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს მინისტრებმა მათი უწყებების წინაშე არსებული პრობლემებისა და გეგმების თაობაზე ანგარიშები წარუდგინეს, მიმდინარეობდა აქტიური შეხვედრები, რა პროცესიც დასრულდა.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ანალიზი, რომლის შედეგადაც მინისტრების შეცვლა შესაძლებელია.
"მთავრობაში ცვლილებებს იმ გაგებით ველოდები, რომ როდესაც ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მოვიდა, მან პირდაპირ თქვა, რომ მთავრობაში ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმებოდა. "ამ ეტაპზე" იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, ბუნებრივია, იგეგმება. დადგა თუ არა ეს ეტაპი, ამას ვერ გეტვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ზოგადად ველოდები. გიორგი კვირიკაშვილის მუშაობის სტილში მომწონს ის, რომ გაუაზრებლად და სწრაფად არაფერს აკეთებს. მას დაკვირვებისთვის გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა. ვიცი, რომ მასთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა - აბსოლუტურად ყველა მინისტრი აკეთებდა მოხსენებას და საუბრობდა სამინისტროს წინაშე მდგარ პრობლემებზე. ასეთ რამდენიმე შეხვედრას მეც დავესწარი. როგორც ვიცი, ეს შეხვედრები დასრულდა და უნდა გაკეთდეს ანალიზი, რომელსაც გააკეთებენ. ბუნებრივია, შესაძლოა ვინმე შეიცვალოს, თუმცა შესაძლოა არ შეიცვალოს, ხოლო თუკი შეცვლა მოხდება, ეს უკეთესობისკენ მოხდება", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდენელია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება, ან მინისტრ გელა დუმბაძის ახალი მინისტრით ჩანაცვლება, რაზეც არაოფიციალური ინფორმაცია ვრცელდებოდა, ჭკუასელმა განმარტა, რომ ის გელა დუმბაძის მიერ ანგარიშის წარდგენას პირადად დაესწრო, სადაც ძალიან საინტერესო საკითხები დაისვა.
"არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნაცვლად, საგარეო საქმეთა ან კულტურის სამინისტროში შესაბამისი დეპარტამენტი შექმნილიყო და დეპარტამენტი მოემსახუროს იმას, რასაც ახლა ეს სამინისტრო აკეთებს. ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც მიგრაციის ტალღა ძალიან ძლიერია, ჩემი აზრით, ყველა ეს საკითხი ერთ სამინისტროში რომ იყოს თავმოყრილი, უმჯობესი იქნება", - აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.