რაც სასამართლო სისტემაში ხდება, შედეგია იმ წნეხისა, რომელიც მოსამართლეებზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა

რაც სასამართლო სისტემაში ხდება, შედეგია იმ წნეხისა, რომელიც მოსამართლეებზე წლების განმავლობაში ხორციელდებოდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კანონთან წინააღმდეგობაში იქნება.

როგორც ბესელია განმარტავს, მოსამართლეთა გამოცდის ტესტების საკითხზე პროკურატურა მუშაობს და პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო კომისიის შექმნა, პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერს ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, ის, რაც ზოგადად სასამართლო სისტემაში ხდება, ღიად გამოხატული შედეგია იმ წნეხისა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში მოსამართლეებზე ხორციელდებოდა.

"დღეს ისინი ღიად და საჯაროდ საუბრობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს მათი მხრიდან ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი, იმიტომ, რომ შესაძლოა ამ ყველაფერმა სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობა დააზარალოს. ამას მოქალაქეები უყურებენ. არ მგონია, რომ კარგი იყოს ამ დაპირისპირების საჯარო სივრცეში გაგრძელება. დაველოდოთ, რა დასკვნას მოგვცემს პროკურატურა ამ ტესტებთან დაკავშირებით და რა მოხდა სინამდვილეში. ვიდრე პროკურატურა მუშაობს, პარალელურ რეჟიმში საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა რეგლამენტის ჩანაწერს ეწინააღმდეგება. 
მთლიანობაში, ვისურვებდი, რომ ეს შიდა კონფლიქტი ჩაცხრეს, რადგან ძალიან დამაზიანებელია სასამართლოსთვის და მართლმსაჯულებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.