საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა ფასადურია და პერსონების ცვლილებას მნიშვნელობა არ ექნება. ასე ეხმაურება ნადირაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაზლოა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
"მე ვთვლი, რომ ეს არის ფასადური მთავრობა და ფასადური მთავრობა როგორ ფასადურ ცვლილებებს განახორციელებს, ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი. ამ ქვეყანაში ცვლილება უნდა შეეხოს ერთ ადამიანს და ეს არის ბიძინა ივანიშვლი, რომელმაც მთელი მთავრობა თავის მოსამსახურედ გადააქცია. ხელისუფლება დღეს მუშაობს არა ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ იმაზე, თუ როგორ ამოთხაროს ბიძინა ივანიშვილმა ხეები და შეიქმნას დამატებითი კომფორტი",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ნოდარ ხადური იქნება თუ დიმიტრი ქუმსიშვილი.
"სანამ არაფორმალური მმართველობა არ დასრულდება, პერსონების ცვლილებას მნიშვნელობა არ ექნება. რა თქმა უნდა, თუ ღარიბაშვილს ვინმე დარჩა, მათგან გაწმენდენ ამ მთავრობას, რადგან ეს არაფერს ნიშნავს. ფასადური მთავრობის შიგნით ფასადური ცვლილებები ამ ქვეყნის პრობლემებს ვერ მოაგვარებს", - აღნიშნა ნადირაშვილმა.