EPRC - რის მიღწევაც მოსკოვმა 2008 წელს სამხედრო გზით ვერ შეძლო, არასამხედრო მეთოდებით შეიძლება მიაღწიოს

EPRC - რის მიღწევაც მოსკოვმა 2008 წელს სამხედრო გზით ვერ შეძლო, არასამხედრო მეთოდებით შეიძლება მიაღწიოს

ის, რის მიღწევაც მოსკოვმა 2008 წელს სამხედრო გზით ვერ შეძლო, არასამხედრო მეთოდების გამოყენებით შეიძლება იქნას მიღწეული, - ამის შესახებ ნათქვამია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) ახალ ანგარიშში სახელწოდებით "ჰიბრიდული ომი და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლადშაფტის ცვლილება – პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები".

ანგარიშში ხაზგასმულია, საქართველოს იმუნურ სისტემას ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მნიშვნელოვნად ასუსტებს სამი ფაქტორი: რუსეთის ბაზარზე საქართველოს მზარდი დამოკიდებულება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შესამჩნევი კლება და პრორუსული ნარატივის მეინსტრიმულ პოლიტიკურ დისკურსში ჩართვა.

"კავკასიის რეგიონული დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა ორმა ტენდენციამ - რუსეთის მხრიდან არასამხედრო საშუალებების აქტიურად გამოყენებამ მოწინააღმდეგის დასასუსტებლად და საქართველოს ახალი ხელისუფლების საკუთარმა "გადატვირთვის პოლიტიკამ". 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, თბილისის გაცხადებული მიზანი მოსკოვთან ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის შენელება იყო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების ნორმალიზების გზით. თუმცა, გასარკვევია, საქართველოს შეცვლილი პოლიტიკით ქვეყანა უფრო დაცული ხდება თუ უფრო მოწყვლადი იმ ტრანსფორმირებადი ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება მის სამეზობლოში იყენებს", - ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, ამ ცვლილებებმა საქართველო უფრო დაუქვემდებარა რუსულ გავლენას და რაც მთავარია, თბილისი მნიშვნელოვნად გააშიშვლა ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე.

"საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს თავისი ხაზის გატარებას მიუხედავად იმისა, რომ სრულად ათვითცნობიერებს რისკებს, რომლებიც მოსკოვისთვის დამატებითი ბერკეტების მიცემას ახლავს. საქართველოს პოლიტიკის განმსაზღვრელები უნებლიედ კი არ ებმებიან ხაფანგში, არამედ ასეთ არჩევანს შეგნებულად აკეთებენ", - ნათქვამია EPRC-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ასევე, შემაშფოთებელია ბოლო დროის ტენდენცია, რომელიც გამოიხატება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების შესამჩნევი გააქტიურებით საქართველოში, რომლებსაც გამოხატული პრო-რუსული ნარატივი აქვთ.

"გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, არის პრორუსული ელექტორატის თვალნათელი ფორმირება, რომელიც გამოყენებული იქნება არასამხედრო ხასიათის ჰიბრიდული საფრთხეების წარმატებული რეალიზებისთვის. რუსეთის ბაზარზე საქართველოს მზარდი დამოკიდებულება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შესამჩნევი კლება და პრორუსული ნარატივის მეინსტრიმულ პოლიტიკურ დისკურსში ჩართვა მნიშვნელოვნად ასუსტებს საქართველოს იმუნურ სისტემას ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ. ეს პროცესები საქართველოს უფრო მგრძნობიარეს ხდის მზარდი რუსული გავლენის და უფრო დაუცველს ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე, რომელთა მთავარი არსი მოწინააღმდეგეთა რბილი, არასამხედრო საშუალებებით დასუსტებაში მდგომარეობს. თუ მოვლენათა განვითარების ეს მიმართულება არ შემობრუნდა, არავის უნდა გაუკვირდეს რუსეთის სტრატეგიული წარმატება რეგიონში. ის, რის მიღწევაც მოსკოვმა 2008 წელს სამხედრო გზით ვერ შეძლო, არასამხედრო მეთოდების ეფექტიანი გამოყენებით შეიძლება იქნეს მიღწეული", - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში "ჰიბრიდული ომი და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლადშაფტის ცვლილება – პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები" "ეკონომიკური ნატო-ს" ანალიტიკური ნაშრომების სერიის ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით გამოქვეყნდა და იგი მიმოიხილავს რუსეთის მიერ ჰიბრიდული საშუალებების გამოყენებას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ტრადიციული დასავლური იდეა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ და ამ იდეის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები: ნატო და ევროკავშირი.