საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძე მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. ასე პასუხობს კობახიძე ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ე.წ. კოკაინის საქმეში თედო კობახიძე ფიგურირებს.
"სიცრუეც არ არის, ეს კიდევ სხვა რაღაცაა, ეს არის არასერიოზული კაცის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც არ ვიცი რას ემსახურება და ვისგან მოდის ეს დაკვეთები. რატომ დასჭირდა კობა კობახიძეს კობახიძეების გამოყენება და ვინ გამოიყენა კობახიძე კობახიძეების წინააღმდეგ, არ ვიცი. ალბათ ამ ოჯახსაც დიდად ვერ წაადგა, თუმცა რეკომენდაცია გავუწიე, რომ კობა კობახიძე ყოფილიყო მათი ადვოკატი. სამწუხაროდ, შევცდი. ეგეც არაფერია, ხდება და ეს ოჯახი ალბათ ამ შეცდომას როგორღაც გადააგორებს", - განაცხადა თედო კობახიძემ.
ადვოკატმა კობა კობახიძემ, გადაცემა "არჩევანში" ე.წ. კოკაინის საქმეზე ისაუბრა, თუ როგორ გახდა ის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი თედო და მანანა კობახიძის შუამდგომლობით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მანანა და თედო კობახიძეების მითითებით, მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს თითოს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.
"თედო კობახიძემ მითხრა, რომ უნდა მომეთხოვა 75 ათასი ევრო თითოეულისგან, ანუ 5 ადამიანისგან. პარალელურად კი მოითხოვდა ამ პირების შეწყალებას. მე მომეჩვენა, რომ ეს არარეალური თანხა იყო, მაგრამ თედოს ვინ ეკითხება, მას მანანათი სცემენ პატივს," - განაცხადა კობა კობახიძემ.