ნინო გვენეტაძე მზადაა, მამუკა ახვლედიანის საკითხზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაფართოებულ ფორმატში იმსჯელოს

ნინო გვენეტაძე მზადაა, მამუკა ახვლედიანის საკითხზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაფართოებულ ფორმატში იმსჯელოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, იგი წინააღმდეგი არ არის, რომ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების საკითხზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაფართოებულ ფორმატში იმსჯელოს.

აღნიშნული განცხადებით ნინო გვენეტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ საბჭომ გაფართოებულ ფორმატში დაინტერესებული პირების თანდასწრებით იმსჯელოს მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების საკითხებზე და საბჭოს წევრების არგუმენტებიც მოისმინოს.

"ჩვენ არ გვაქვს საწინააღმდეგო ამ ფორმატში შეხვედრისა, ჩვენი სხდომები ყოველთვის ღიაა და უფრო მეტიც, მისაღებია. საბჭოს არ ექნება პრობლემა", - განაცხადა გვენეტაძემ. 

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებებს, რომ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება უკანონოა, ნინო გვენეტაძის თქმით, არასამთავრობოებს აქვთ უფლება, გააკეთონ შეფასებები და დასკვნები. "იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებას არაერთგზის შეეცდება. ჩვენ კანონის ფარგლებში მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.