ნინო გვენეტაძე მოსამართლეების მიერ დასახელებულ პრობლემებს თითოეული კოლეგიის მოსამართლეებთან განიხილავს

ნინო გვენეტაძე მოსამართლეების მიერ დასახელებულ პრობლემებს თითოეული კოლეგიის მოსამართლეებთან განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საოლქო სასამართლოების კოლეგიების წარმომადგენლებთან სამომავლოდ შეხვედრებს გამართავს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრებს.

აღნიშნული დაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძისგან დღეს, საქალაქო სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, პრობლემები, რომლებზეც მოსამართლეებმა დღეს ისაუბრეს, მათ შორის, საქმეთა განაწილების წესი, ასევე საორგანიზაციო საკითხები, თითოეული კოლეგიის მოსამართლეებთან განიხილება. გვენეტაძის თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემებია საქმეთა დიდი ნაკადი, მოსამართლეთა რიცხვის სიმცირე, ასევე არანორმირებული სამუშაო დრო. თუმცა როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატით ვერ გადაწყდება და საჭიროა სათანადო თანადგომა როგორც კანონმდებლობით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რათა დროულად მოხდეს საშტატო ერთეულების დამატება და ფინანსური უზრუნველყოფა.

გვენეტაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვასაც, ითვალისწინებდა თუ არა დღეს მამუკა ახვლედიანის შესახებ საუბარს დაგეგმილი შეხვედრა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დღეს პრობლემებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ვერ განუსაზღვრავდა საუბრის ფორმატს. "ეს მათ გადაწყვიტეს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. მისი თქმით, მოსამართლეები ორიენტირებულები არიან პრობლემების გადაწყვეტაზე.