საქალაქო სასამართლოს მენეჯმენტში პრობლემები ყოველთვის იყო. ამის შესახებ მოსამართლე ბადრი შონიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კერძოდ, შონიას თქმით, როდესაც მას ამ მიმართულებით რაიმე სჭირდებოდა, მამუკა ახვლედიანი პრობლემებს ვერ აგვარებდა და ხშირად იმყოფებოდა მივლინებაში. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც შვებულებაში იმყოფებოდა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მას გარკვეული საქმეები დააწერა.
საქალაქო სასამართლოს მენეჯმენტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა მოსამართლე რევაზ ნადარაიამაც. როგორც მან განმარტა, მამუკა ახვლედიანის განცხადებას, სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, არ დაეთანხმება. თუმცა, მისი თქმით, საქალაქო სასამართლოში მენეჯერული პრობლემები იყო.
მოსამართლეების საპასუხოდ მიმდინარე შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ რესურსებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს დახმარება აღუთქვა. მათ შორის, იგი შეეხო ავტომობილების საკითხს. ნინო გვენეტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლო მზად არის საკუთარი ავტომობილების მომსახურებით საქალაქო სასამართლოს დაეხმაროს.