იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს, რომ მურუსიძეს მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებთან წვდომა ჰქონდა, სპეკულაციას უწოდებს.
როგორც მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა მასალა, რომელიც საბჭოს გააჩნია, პროკურატურას გადასცეს.
"არაფერი დაიმალება. რეალურად მე ვგავარ იმ ადამიანს და მეტყობა, რომ ვიმალები?! ყველა მასალა საბჭოს გადაწყვეტილებით პროკურატურას გადაეცემა და მეც მზად ვარ თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე - დღევანდელი შეხვედრა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ საბჭოს წევრებმა გაიგონ ვისი მხარდაჭერა აქვთ მათ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაში, მურუსიძემ აღნიშნა, რომ ასე არ არის.
"მოსამართლეების მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გამო ეს შეხვედრა არ იმართება. გუშინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. ბუნებრივია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეხვდეს მოსამართლეებს და დაგეგმოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ეს შეხვედრა იმართება იმისათვის, რომ ის პრობლემები, რომელიც იყო საქალაქო სასამართლოში, არ გაგრძელდეს. ჩვენ გვინდა გავიგოთ მოსამართლეების პოზიციები. საბჭოსა და საქალაქო სასამართლოს შორის ყოველთვის იყო ინტენსიური თანამშრომლობა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.