"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" ახალი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) ხვალ, ახალი ანგარიშის - "ჰიბრიდული ომი და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება - პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები" პრეზენტაციას გამართავს. ანგარიში "ეკონომიკური ნატოს" ანალიტიკური ნაშრომების სერიის ფარგლებში ქვეყნდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან" აცნობეს, რუსეთის მეირ სტრატეგიული და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ჰიბრიდული საშუალებების გამოყენებამ ეჭვქვეშ დააყენა ტრადიციული დასავლური იდეა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ, ამიტომ საქართველომ და მისმა პარტნიორებმა კარგად კოორდინირებული და ერთიანი სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაონ შემდეგი მიმართულებებით: თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და განვითარება; ენერგეტიკის დივერსიფიკაცია და ენერგოუსაფრთხოება; დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა; სტრატეგიული კომუნიკაცია და საკომუნიკაციო სტრატეგიები; განათლება და ხალხებს შორის ურთიერთობები.

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"რევიზიონისტული რუსეთის აღმოცენებამ და სტრატეგიული და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ამ ქვეყნის მიერ ჰიბრიდული საშუალებების გამოყენებამ ეჭვქვეშ დააყენა ტრადიციული დასავლური იდეა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ და ამ იდეის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტები - ნატო და ევროკავშირი.

არასამხედრო საშუალებების იარაღად ქცევა, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის "ახალი ფორმა", ძირეულად ცვლის უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლანდშაფტს და უამრავ კითხვას აჩენს არა მხოლოდ იმ საფრთხეების ბუნებაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არამედ არსებული უსაფრთხოების ინსტიტუტებს შეასძლებლობაზე, გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. მართალია, ჰიბრიდული ომის არც იდეა და არც არსი არ არის სრულებით ორიგინალური, მას ისეთი ნიშნები აქვს, რომლებიც ომის წარმოების რუსეთისეული ახალი თუ კარგად მივიწყებული ძველი მოდელისთვის არის დამახასიათებელი.

ამ საფრთხეების შეკავების და დაძლევისთვის საქართველომ და მისმა პარტნიორებმა კარგად კოორდინირებული და ერთიანი სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაონ მრავალი მიმართულებით: თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და განვითარება; ენერგეტიკის დივერსიფიკაცია და ენერგოუსაფრთხოება; დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა; სტრატეგიული კომუნიკაცია და საკომუნიკაციო სტრატეგიები; განათლება და ხალხებს შორის ურთიერთობები.

ეს ძალისხმევა უნდა ემყარებოდეს მრავალმხრივ და ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება სახელმწიფოს მართვის, ეკონომიკური განვითარების და ეროვნულ უსაფრთხოებისთვის ჰიბრიდული ხასიათის ახალი/ძველი საფრთხეების და გამოწვევების შეფასებაზე, განსაზღვრავენ საერთო მიდგომებს და პოტენციალს მრავალმხრივი და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობებისთვის, შეიმუშავებენ არგუმენტებს ერთობლივი მიდგომების კონსოლიდირებისთვის, დაადგენენ დღის წესრიგებს პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად და განსაზღვრავენ სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობას - პასუხს გასცემენ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მთავარ კითხვებზე: რატომ საქართველო? რატომ ახლა?

შესაბამისად, პოლიტიკის პრიორიტეტები ფოკუსირებული უნდა იყოს რამდენიმე მთავარ სფეროზე: დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა: გაძლიერდეს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკის და სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტურ საკითხებზე ეროვნული კონსენსუსის მშენებლობა, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს ძალაუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების კოორდინირების ინსტიტუციონალიზებული და გამჭვირვალე მექანიზმები;   განახლდეს ფოკუსირება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს, ეფექტიანი მმართველობის და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებაზე; შეიქმნას და გაძლიერდეს ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, სიტყვის თავისუფლებას და ჟურნალისტიკას; გაძლიერდეს "პოლიტიკით ნაკარნახევი" პოლიტიკა და სტაბილური პოლიტიკური პარტიები და არა პიროვნების თუ კლანის მიერ ნაკარნახევი პოლიტიკა; პროაქტიურად გამყარდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის შესახებ; გაძლიერდეს ღია, სამართლიანი და მიუკერძოებელი საარჩევნო გარემო, მათ შორის მედიის დამოუკდიებლობის დაცვა, რათა შეიქმნას პირობები სრულიად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 2016 წელს (საპარლამენტო არჩევნები) და 2017 წელს (საპრეზიდენტო არჩევნები).

კარგი მმართველობა:      

გაძლიერდეს ძალისხმევა კორუფციის ყველა დონეზე დასამარცხებლად - მათ შორის მმართველობის მეტი გამჭვირვალობის და სადაც შესაძლებელია, ელექტრონული მმართველობის გამოყენების გზით; პროაქტიურად მოხდეს ევროპის გაფართოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და რეგულაციების მიღება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ასოცირებამდეც კი; პროაქტიურად შემუშავდეს ინტეროპერაბელურობა ნატოსთან და ნატოს ოეპრაციებსა და წვრთნებში მოონაწილეობა.

თავდაცვა და უსაფრთხოება:

განხორციელდეს "საერთო სახელისუფლებო" მიდგომა უსაფრთხოების საკითხების მიმართ; გაგრძელდეს რეფორმა, გაუმჯობესდეს შესაძლებლობები და ინტეროპერაბერულობა, ასევე, გამჭვირვალობა და კოორდინაცია თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში; გაიზარდოს თავდაცვის, კონტრდაზვერვის და დაზვერვის შესაძლებლობები; გაძლიერდეს სამართალდამცავთა ქმედებები რუსეთის ჰიბრიდული ომის აგენტების/აქტორების წინააღმდეგ; განხორციელდეს მონიტორინგი, საჯაროდ გამოვლინდეს და კონტრ-ნაბიჯები გადაიდგას რუსეთის მიერ ორგანიზებული კრიმინალური, სადაზვერვო, სამხედრო, კორუფციული და პროპაგანდისტული აქტივობების წინააღმდეგ; მოხდეს საგარეო ინვესტიციების სტიმულირება; ეფექტიანად განხორციელდეს ასოცირების შეთანხმება.

ეკონომიკა და ენერგეტიკა:

გაგრძელდეს ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს პოპულარიზაცია, რათა გაძლიერდეს საქართველოს ეკონომიკა და შენარჩუნდეს სასარგებლო კავშირები გლობალურ ეკონომიკასთან; შემცირდეს მოწყვლადი ეკონომიკა და ენერგოდამოკიდებულება.

კომუნიკაცია:

გაიზარდოს მთავრობის წევრების და არჩეული პოლიტიკოსების პერსონალური პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება; ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელება იქცეს პოლიტიკის ცენტრალურ ამოცანად; შემუშავდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებებთან, განსაკუთრებით, უმცირესობებისა და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული მოუგვარებელი პრობლემებისთვის; მოხდეს რუსული მედიის ფაქტორთან დაპირისპირება ეფექტიანი სტრატეგიული საკომუნიკაციო პოლიტიკის გზით; გაიზარდოს პარლამენტის როლი პოლიტიკის განსაზღვრაში. სახალხო მხარდაჭერის კონსოლიდირებისთვის მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის ჰარმონიზება, მათ შორის, მუდმივი და აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება არსებული საფრთხეების მიმდინარე კონტექსტის შესახებ; ასევე, რიგითი მოქალაქეებისთვის დასავლური არჩევანის სიკეთეების შესახებ; მხარი დაეჭიროს ინფორმაციის გავრცელების მუდმივ, კარგად ორგანიზებულ ქსელს (ორმხრივი, მრავალმხრივი, საერთაშორისო ორგანიზაციები), რათა პარტნიორებს მიეწოდოს მიმდინარე ინფორმაციის, დაზვერვის მასალები, ანალიზი და შეფასებები სჰიბრიდული ომის საფრთხეების, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ,"- ნათქვამია განცხადებაში.

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა პროექტის "ეკონომიკური ნატოს" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.