"ქართული ოცნება" პრაქტიკულად დაშლილია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" პრაქტიკულად დაშლილია.

ასე უპასუხა ალასანიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ის კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ და დაიშლება თუ არა არჩევნებამდე "ქართული ოცნება".

"დაშლილი არ არის, პრაქტიკულად?! ისეთი წინაპირობებია შიგნით, რომ პრაქტიკულად ისინი ერთიანობას ვეღარ შექმნიან. თუმცა ეს მათი საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" არის პარტია, რომელმაც უერთგულა იმ ღირებულებებს, რომლითაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, დანარჩენი პარტიების დიდმა უმრავლესობამ ამ ღირებულებებიდან გადაუხვია. "თავისუფალ დემოკრატებს" მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვთ და დარწმუნებული არიან, რომ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.